რუსეთმა კალინინგრადის ოლქში ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი სამი მიგ-31 განათავსა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კალინინგრადის ოლქში, სამი საბრძოლო თვითმფრინავი MiG-31 განათავსა, რომლებიც  ჰიპერბგერითი, „კინდჟალის“ ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი.

საინფორმაციო სააგენტო RIA-მ 18 აგვისტოს, სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თვითმფრინავი დღე-ღამის განმავლობაში განახორციელებს პატრულირებას.

როგორც ცნობილია, ბალტიისპირეთის ქვეყნები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ კალინინგრადის რეგიონში განლაგებული „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემებით.

2018 წელს კალინინგრადში „ისკანდერების“ განლაგებაზე, კრემლმა განაცხადა, რომ „იარაღის განთავსება ყველგან შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ ვითარება კალინინგრადის ირგვლივ რუსეთ-უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიეტუვაში რუსული ტრანზიტის შეზღუდვის გამო დაიძაბა.


22 ივნისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.

პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ.

„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“.

ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.