Reuters-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის მთავარი სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა

CNN-ის ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სევასტოპოლში თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს ღამით ჩაირთო განგაშის სიგნალები და გააქტიურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ადმინისტრაციის უფროსად დანიშნული მიხაელ რაზვოჟაევის თქმით, ბელბეკის აეროპორტთან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.

CNN წერს, რომ არ შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს, რამ გამოიწვია საჰაერო თავდაცვის გააქტიურება ან მიადგა თუ არა რაიმე ზიანი ხსენებულ ტერიტორიას.

ამასთან, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სევასტოპოლის სიახლოვეს მდებარე ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმოდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ ინფორმაცია არ დასტურდება.

მაგალითად, Reuters-ი წერს, რომ სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, რუსეთის მთავარი სამხედრო აეროდრომის მახლობლად.

Reuters-ის წყაროების თქმით, აფეთქებები სევასტოპოლის ჩრდილოეთით, ბელბეკის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელდა ვიდეოც, თუმცა Reuters-მა ჯერ ვერ შეძლო დაუყოვნებლივ გადაემოწმებინა კადრების ავთენტურობა.


შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 18 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს.

უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.

საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად.

შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.