Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა

აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკას მახლობლად, „საკის“ საჰაერო ბაზაზე აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი მწყობრიდან გამოვიდა, ამის შესახებ Reuters ევროპის ოფიციალურ წრეებთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ აცნობა. 

ანონიმური წყარო, გამოცემასთან აცხადებს, რომ უკრაინა „კუმულაციურ ეფექტს“ აღწევს რუსეთის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზურგში მიყენებული დარტყმით. ამან შეიძლება არა მხოლოდ შეასუსტოს რუსეთის ჯარების მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე.

მანამდე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება,  $650-$850 მილიონია.

უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ. 

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა.

ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.


Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.