გიბრალტარის ხელისუფლებას, 65 მილიონ ფუნტად შეფასებული, სანქცირებული რუსი მილიარდერის იახტა აუქციონზე გააქვს.
სუპერიახტის მფლობელია რუსი ოლიგარქი დიმიტრი პუმპიანსკი.
72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ იყიდება. ბანკი ამტკიცებს, რომ იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.
დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს.
რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.