მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ტელეკომპანია „თებერვლის დილის“ ეთერში ოპოზიციის ლიდერმა ილია პონომარეევმა „ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტი“ წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ აიღო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება.
„ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები, უკანონო მეომრები, ყაჩაღები და რუსეთის ხალხების მჩაგვრელები! ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა. ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები - ეს მისი პოლიტიკის არსია. ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ. ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!“, - ნათქვამია „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ მანიფესტში.
ამასთან, დაჯგუფება, რუსეთის არმიას მოუწოდებს, რომ სხვა ქვეყნებში, საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს.
„მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და აშ.
მოვუწოდებთ ყველა რუსს, შემოუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერიანი დროშის ნაცვლად რუსეთის ახალი თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს“, - წერია მანიფესტში.
რუსი ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი მხარს უჭერს „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ ქმედებებს. მისი თქმით, დაჯგუფება აე ებრძვის მშვიდობიან მოსხლეობას და არ განახორციელებს აქციებს სამოქალაქო ობიექტებზე.
პონომარეევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ასევე შეიქმნა რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და თავისუფალი რუსეთის ლეგიონი, რომლებიც ამ ომის ფრონტებზე იბრძოდნენ პუტინის დამპყრობლებთან და მზად იყვნენ ბოლომდე წასულიყვნენ. ილია პონომარევმა მოუწოდა ყველას, ვისაც სურს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუერთდეს NRA-ს, უზრუნველყოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა და შეინარჩუნოს კავშირი როსპარტიზანთან.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო.
ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.