უნგრეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღებას მხარს არ უჭერს და არც ვიზების გაცემის პროცედურას გაართულებს.
ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ესტონელ კოლეგასთან ურმას რეინსალუსთან შეხვედრის შემდეგ Facebook-ზე დაწერა.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ წინადადებაზე, რომელიც გაამკაცრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის პრაქტიკას. აქ ჩვენ სოლიდარულები ვართ გერმანიის კანცლერის პოზიციასთან და არ ვგეგმავთ რაიმე შეზღუდვის შემოღებას", - წერს სიიარტო.
ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.