სერბეთმა და კოსოვომ, ევროკავშირის შუამავლობით, ორი ქვეყნის მოქალაქეების, საზღვარზე გადაადგილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.
„ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლა-გასვლის დოკუმენტები პირებისთვის, რომლებსაც კოსოვოს საიდენტიფიკაციო მოწმობები აქვთ, ხოლო კოსოვომ თანხმობა განაცხადა ამგვარი დოკუმენტები არ შემოიღოს სერბეთის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მფლობელთათვის. კოსოვოელ სერბებს, ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ კოსოვოსა და სერბეთს შორის თავისუფლად იმოგზაურონ თავიანთი პირადობის დამადასტურებელი ბარათებით. ევროკავშირმა ეს წუთია მიიღო ამის გარანტია [კოსოვოს] პრემიერ-მინისტრისგან, [ალბინ] კურტისგან", - წერს ბორელი Twitter-ზე.
კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.