საკანონმდებლო მაცნეზე „ამნისტიის შესახებ“ კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კანონის ავტორი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ამნისტიით განსაზღვრული დებულებების აღსასრულებლად კანონის გამოქვეყნების შემდეგ 1-თვიანი პერიოდია დათქმული, რაც პატიმრების მიერ საპატიმროების დატოვებასაც გულისხმობს.
სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-სს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი 11 იანვარს დაამტკიცა.
კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან „სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.