რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას მაშინ განაახლებს, როცა დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სანქციებს მოუხსნიან.
„სანქციების მოხსნის შემდეგ, საშუალება გვექნება „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინებს სარემონტო სამუშაოები ჩავუტაროთ, რადგან სწორედ ამ მიზეზით გაჩერდა გაზსადენი“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, გაზის გადატუმბვის პრობლემა სანქციების გამო შეიქმნა.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის.
ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ.