უკრაინის სამხრეთ ნაწილში რმიამ გაათავისუფლა ახალი დასახლებული პუნქტები, მაგრამ გენშტაბი მათ ჩამოთვლას არ ჩქარობს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ეს დასახლებები მტრის არტილერიის სამიზნე გახდეს. ამის შესახებ „სამხრეთის“ გაერთიანებული სარდლობის პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
ნატალია გუმენიუკი აცხადებს, რომ ნაადრევად ინფორმაციის გავრცელებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა, რომელიც სახლებში დაბრუნებას ჩქარობს:
„გვაქვს მოცემულობა, რომ დასახლებული პუნქტებიდან გასვლის წინ, მტერი ტოვებს დანაღმულ ტერიტორიებსა და უამრავ, სიცოცხლისთვის საშიშ ხაფანგს. ამიტომ კიდევ დროა საჭირო, რომ მოხდეს ასეთი ადგილების შესწავლა და განაღმვა, შემდეგ კი გათავისუფლებული ადგილები ოფიციალურად დასახელდება”, – თქვა ნატალია გუმენიუკმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში თითო დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადეს.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.