რუსეთის თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე ომის აშკარა დანაშაულია - Amnesty International

რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", BBC-ის ცნობით, ამის შესახებ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა განაცხადა.

ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ თავდასხმა რუსულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა განახორციელეს.

ანგარიშის თანახმად, რუსულმა ძალებმა "სავარაუდოდ განზრახ დაუმიზნეს" შენობას, რადგან იცოდნენ, რომ ეს იყო სამოქალაქო ადგილი, მათ სავარაუდოდ,  გამოიყენეს ორი 500 კგ-იანი ბომბი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მოხვდნენ და ერთდროულად აფეთქდნენ.

Amnesty-მ ასევე განაცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა დამაჯერებელი მტკიცებულება სხვა შესაძლო „მტკიცებულების“, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების დასადასტურებლად, რომ თავდასხმა განხორციელდა შენობის შიგნიდან, როგორც „ცრუ დროშის" ოპერაციის ნაწილი.

A view shows the building of a destroyed theatre in Mariupol

„რამდენიმეთვიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათეულობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ დავასკვენით, რომ დაბომბვა იყო აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ჩადენილი. ამ დაუნდობელი თავდასხმის შედეგად, ბევრი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. მათი დაღუპვა სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსულ ძალებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები მიზანში ჰყავდათ ამოღებული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და ყველა სხვამ, რომელთაც ამ კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე იურისდიქცია აქვთ, ეს თავდასხმა უნდა გამოიძიონ, როგორც ომის დანაშაული. ასეთ სისასტიკეზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა.

Amnesty International-ის კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.