Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების ფაქტებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, შემთხვევები ხერსონში და ზაპოროჟიეს მხარეში დაფიქსირდა. ოკუპირებულ ქალაქებში, მოსახლეობამ უფლებადამცველებს რუსეთის ძალოვნების მიერ ადამიანების გატაცების 42 შემთხვევის შესახებ აცნობა. რუსი ძალოვნების მიერ გატაცებული ადამიანების უმრავლესობა აწამეს.
უფლებადამცველებმა ასევე დააფიქსირეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამი ტყვეს წამება. ორი მათგანი გარდაიცვალა. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დააკავეს, გაიტაცეს და აწამეს არიან ანტირუსული აქციები ორგანიზატორები, მონაწილეები, ჟურნალისტები და ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები.
რამდენიმე ადამიანმა პატიმრობის დროს სასტიკი მოპყრობის და ბეისბოლის ჯოხით ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ განაცხადეს. პატიმრების ცემისას ასევე იყენებდნენ მეტალის ძაფებსა და ელექტროშოკს. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის უმიზეზო და უკანონო დაკავებები, ომის დანაშაულად ითვლება“, - აცხადებენ უფლებადამცველები.
„როგორც ჩანს, ძალადობის მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება და ადამიანებში შიშის გაღვივება, რომ შეეგუონ ოკუპაციას, რადგან რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სუვერენიტეტი განამტკიცოს“, - აცხადებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების დაკავებისა და გატაცების შესახებ, ომის პირველივე კვირებიდან იყო ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების ძალები პირველ რიგში დევნიან მემარჯვენე მოძრაობების აქტივისტებს, დონბასში მებრძოლებს, სამართალდამცველებს, ასევე ყირიმელ თათრებს.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.