სახელმწიფო დეპარტამენტი Europetime-თან ადასტურებს, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი საგარეო სამხედრო დაფინასება სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
უფრო კონკრეტულად, უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგარეო სამხედრო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება უკრაინისთვის, ასევე 18 სხვა ქვეყნისთვის. ეს ქვეყნებია. ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი. რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
„ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა 8 სექტემბერს.
„უკრაინის არაჩვეულებრივი დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს სანამ საჭირო იქნება. მე გავუმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად.
ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან.
აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა 8 სექტემბერს.
მას არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ხსენებული დახმარებაა განკუთვნილი.
ბლინკენის ვიზიტს კიევში, წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.
ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.