სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. სომხური მხარის განცახდებით, აზერბაიჯანმა ჯერმუკის მიმართულებით თავდასხმის თვითმფრინავები გამოიყენა.

„დღეს, 08:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილი კალიბრის მცირე იარაღის გამოყენებით განაახლა შეტევითი ოპერაციები, კერძოდ,  ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით. 

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ადექვატურ საპასუხო მოქმედებებს და აგრძელებენ მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით. კერძოდ, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ყალბაჯარსა და ლაჩინში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.  იტყობინება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„ამჟამად ჩვენს პოზიციებზეც პერიოდულად ხდება სროლა. აზერბაიჯანის ქვედანაყოფები საპასუხო აუცილებელ ზომებს იღებენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.

13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.