ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. ფაშინიანმა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს მართლაც უპრეცედენტო ვიზიტია აშშ-დან სომხეთში და ჩვენ ვაფასებთ მას.

„ყველა სომეხი სომხეთის სანდო მეგობრად გთვლით. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს, სომხური დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს.

მინდა გამოვხატო ჩვენი ერთგულება დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ხედავთ, ეს არ არის მარტივი გზა.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მინდა აღვნიშნო: ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ იცით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ ეს სიტუაცია დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, - განაცხადა ფაშინიანმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს.

პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.

შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

„ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა.

Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.