რატომ ვერ იყენებს საქართველო სრულყოფილად, ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებულ შესაძლებლობებს - მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $683.8 მილიონით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 % შეადგენს. მეორეა ფეროშენადნობები $365.1 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს $192.7 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი).

  • საქართველოს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ისევ ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, ამასთან, უცვლელი რჩება საექსპორტო სამეულის წილიც.

რატომ ვერ ახერხებს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime  - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა.

ET: მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს რომ არ იცვლება საექსპორტო ბაზრები და პროდუქცია. რა არის ამის მიზეზი?

საქართველოში ექსპორტის პრობლემა სულ დგას... ეს გრძელვადიანი პრობლემაა. წმინდა ექსპორტის სახით, რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, საკმაოდ ცუდი სურათი გვაქვს და ასევე უარყოფითია სავაჭრო სალდო. სურათი უფრო უარესი იყო, თუმცა ახლა 2022 წლის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემს გაუტოლდა. იმპორტი ცალსახად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასეთია ტრენდი.

ET: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ექსპორტის წილი გაიზარდოს?

მსოფლიოს 300 ქვეყნიდან, დაახლოებით 100-თან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობა არ არის მუდმივი, არის პერმანენტული და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადიც კია. დივერსიფიცირების ამ ნაწილში ვხედავ პრობლემას, რომ უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ამ ნაწილშია საჭირო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და სამთავრობო სექტორის როლი.

  • გვაქვს დიდი პოტენციალი ევროპის ბაზარზე. იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) 11 ათასამდე პროდუქტზე გვაქვს პრეფერენცია, ნულოვანი ბაჟი. თავიდან იყო GSP, ხოლო შემდეგ გახდა GSP+ როცა სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან პრეფერენციებს ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ასეულ, დაახლოებით 300-მდე პროდუქტზე. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან უწყებაც კი არ არის, რომელიც გვეტყვის, ევროკავშირის ბაზარზე DCFTA -ის ფარგლებში რამდენი დასახელების პროდუქტი გადის. ეს მაშინ, როცა ამ პრეფერენციებს გააჩნიათ ზღვრები და პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტზე ზღვარი 10 000 ტონაა, როცა ამ ზღვარს მიუახლოვდებით, იქიდან წამოვა კითხვა: რა ხდება საქართველოში წარმოება გაზარდა თუ რა ვითარებაა? ვალდებული ვართ ამ კითხვას ვუპასუხოთ. 

ET: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

ჩვენ ამ საკითხზე მეცნიერულად ვმუშაობდით და ვერცერთმა სტრუქტურამ პასუხი ვერ გაგვცა, რომელი პროდუქცია სარგებლობს პრეფერენციით და რა რაოდენობით გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტრომ საგარეოსკენ გაიშვირა ხელი, საგარეომ სტატისტიკისკენ და „ვიტრიალეთ“ წრეში. ამ 11 ათასი დასახელების პროდუქტიდან, პრეფერენციას რამდენზე ვიყენებთ, ამაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა არ არის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ევროპული სივრცე ბევრ ქვეყანას მოიცავს.

ET: ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი მაღალი სავაჭრო აქტივობა ექსპორტის კუთხით. რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ეს ბაზარი?

რუსეთთან მიმართებით ყოველთვის არსებობს რისკი. ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ამიტომ, რუსეთს თუ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტი ექნება, ეს პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, რისკების მატარებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორია, არამედ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანასთანაც კი არ უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დამოკიდებულება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, როგორიც გვაქვს რუსეთთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანასთან წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ნეგატიური მოვლენაა, საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით. ეს ქვეყანა არასანდო პარტნიორადაა ცნობილი და მეორე მხრივ, რუსეთი არ უწყობს ხელს წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას და ბევრ შემთხვევაში ჩავარდნები ახასიათებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ქართული წარმოება.

ET: ადგილობრივი წარმოება რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს?

ქართული წარმოება პრაქტიკულად არ გვაქვს. საექსპორტო ათეულშია ძირითადად ნედლი მასალები, ნახევარფაბრიკატები. რასაც საბოლოო პროდუქტის სახე აქვს მიღებული ესაა ღვინო, წყალი და ა.შ. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემები გვაქვს წარმოების ნაწილში. პრინციპში, ჩვენ გატანის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია პროდუქტი იწარმოებოდეს. ამ შემთხვევაში წარმოების ხარისხიც მნიშვნელოვანია. თუმცა ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს, რომელიც წარმოების მიმართულებით საბაზრო ეკონომიკასთან „შეერთდებოდა“ და დაძრავდა ვითარებას.

  • იგივე შეიძლება ითქვას, საგადასახადო ნაწილში და საკრედიტო სისტემასთან მიმართებაში. ჩვენთან გადასახადები ნაკლებია, მაგრამ რეალურად თუ ავიღებთ საბანკო პროცენტსა და გადასახადებს, ერთად ძალიან დიდი საგადასახადო ტვირთი გამოდის. ამ კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის ყველა ქვეყანას და მათ შორის აზიის ქვეყნებსაც. ამ საკითხს ანალიზი და გააზრება სჭირდება.

ET: კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპის ბაზარზე პოზიციებს ვთმობთ?

მეორე, რის გამოც ჩვენ ევროპულ სივრცეში ვთმობთ სავაჭრო პოზიციებს, ესაა ჩვენი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. კურსის გაუარესება სტაბილური ბაზრებთან გვაშორებს და ვინაცვლებთ ნაკლებად სტაბილური ბაზრებისკენ, რომლებიც მეზობლადაა და არასტაბილური სავალუტო ვითარება ახასიათებთ. სავალუტო რყევებია რუსეთის და თურქეთის სავალუტო სივრცეებშიც. ჩვენს ვალუტასთან მიმართებით, ამ ქვეყნების ვალუტების კურსი კიდევ უფრო უარესდება. მათთან პროდუქტი იაფდება და ჩვენ იმპორტის ნაწილში უფრო მეტად ვებმებით.


  • საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2022 ელის იანვარ-აგვისტო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%;
  • სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%. (საქსტატის მონაცემები)