კიევი: „რეფერენდუმები“ ომის დიპლომატიური გზით დასრულების უმცირეს შესაძლებლობასაც მოსპობს

რუსეთის გეგმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს ყალბი რეფერენდუმი, გავლენას ვერ მოახდენს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციაზე.

ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„სამაგიეროდ, ეს „რეფერენდუმები“ ომის დიპლომატიური გზით დასრულების უმცირეს შესაძლებლობასაც მოსპობს“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.

მისი თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ტერიტორია გათავისუფლდება.

„რეფერენდუმები“ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს გაიმართება.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.


ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.

კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.