ვოლოდიმირ ზელენსკი: მე ვსაუბრობ სახელმწიფოს სახელით, რომელიც იძულებულია, დაიცვას თავი, თუმცა აქვს მშვიდობის ფორმულა

  • უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის დაისაჯოს

გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით წარსდგა.

„უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული და ვითხოვთ სამართლიან დასჯას. დანაშაული ჩადენილია ჩვენი სახელმწიფო საზღვრების წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია ჩვენი ხალხის სიცოცხლის წინააღმდეგ. დანაშაული ჩადენილია ჩვენი ქალებისა და კაცების ღირსების წინააღმდეგ.

დანაშაული ჩადენილია იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებიც მე და თქვენ, გაერთიანებული ერების საზოგადოებად აქცევს.

უკრაინა ითხოვს დასჯას ჩვენი ტერიტორიის მოპარვის მცდელობისთვის; ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის; ქალებისა და კაცების წამებისა და დამცირებისთვის.

იმ კატასტროფული არასტაბილურობისთვის, რომელიც რუსეთმა თავისი უკანონო ომით გამოიწვია არამარტო ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ყველა ერისთვის, რომელიც წარმოდგენილია გაეროს გენერალური ასამბლეის ამ დარბაზში“, - ამ შინაარსის განცხადებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა.


  • მე ვლაპარაკობ სახელმწიფოს სახელით, რომელიც იძულებულია დაიცვას თავი, თუმცა აქვს მშვიდობის ფორმულა. მე ვესაუბრები ყველას, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მიაღწიოს მშვიდობას.

მე წარმოგიდგენთ ფორმულას, რომელმაც შეიძლება, იმუშაოს არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც შესაძლოა, აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში, როგორც ჩვენ. ეს არის ფორმულა, რომელიც სჯის დანაშაულს, იცავს სიცოცხლეს, აღადგენს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას და უზრუნველყოფს სწრაფვას, - განაგრძო ზელენსკიმ და მშვიდობის 5 ფორმულაზე ისაუბრა. 

მშვიდობის ხუთი წინაპირობა არსებობს

უკრაინას მშვიდობა სურს. ევროპას მშვიდობა სურს. მსოფლიოს მშვიდობა სურს. ჩვენ ვნახეთ, ვინ არის ერთადერთი, ვისაც ომი სურს. ჩვენ ამ ბრძოლაში შედეგს ვაღწევთ და ვხედავთ, რა იქნება ამ ომის დასასრული და რა იქნება სტაბილური მშვიდობის გარანტიები.

ჩვენ არ გამოგვიწვევია ეს ომი. რუსეთმა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა აგრესიის დანაშაული, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, ის აქცია სრულმასშტაბიან შემოჭრად. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავიცვათ თავი. 

ჩვენ არ დავუშვებთ ამ სახელმწიფოს გაბატონებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი სახელმწიფოა. გაეროს წესდება მოიცავს ერების თანასწორობას და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინა თანასწორია თანასწორთა შორის. გაეროს წესდება მოიცავს საზღვრების ხელშეუხებლობას და ჩვენ დავადგინეთ ჩვენი საზღვრები იმით, რომ უკუვაგდებთ ოკუპანტებს ამ საზღვრების მიღმა. გაეროს წესდება მოიცავს ადამიანის უფლებების პატივისცემას, ღირსებას და სიცოცხლის უფლებას და ჩვენ ამისთვისაც ვიბრძვით.

  • ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტი. დასჯა აგრესიის გამო, დასჯა საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის.

დასჯა, რომელიც უნდა დაწესდეს აგრესიის დასრულებამდე და ვიდრე არ იქნება გადახდილი კომპენსაცია იმ ზარალისთვის, რაც მიყენებულია. ამიტომ სანქციები აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ვაჭრობის, ურთიერთობების ბლოკირება, აგრესორთან მშვიდობის ფორმულის ნაწილია. ეს ყოველივე არის დასჯა.

საჭიროა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის დასასჯელად იმ აგრესიისთვის, რაც ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იქნება გზავნილი ყველა პოტენციური აგრესორისთვის.

ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ასეთი ტრიბუნალის შესაქმნელად. ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს. უკრაინა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის მხარდასაჭერად.

სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიღების მხარეა, ის უნდა იყოს იზოლირებული მათგან - სულ მცირე, სანამ აგრესია გაგრძელდება. უარვყოთ ხმის მიცემის უფლება მათთვის.

ზელენსკის თქმით, მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა. 

ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ უკრაინის დროშა მთელ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იარაღის ძალით. მაგრამ დრო გვჭირდება.

ახლაც, როცა რუსეთი მოლაპარაკებებზე საუბრობს, მას მხოლოდ უკანდახევის შენელება სურს. რუსეთს სურს, ზამთარი გაატაროს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოამზადოს ძალები ახალი შეტევისთვის. ახალი ბუჩა, ახალი იზიუმი...

ჩვენთვის ეს არის ომი სიცოცხლისთვის. ამიტომ გვჭირდება თავდაცვის მხარდაჭერა - იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ჭურვები. ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად საკმარისია შეტევითი იარაღი, შორი დისტანცია და თავდაცვითი სისტემები, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვა.

  • ჩვენ გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა - შევინარჩუნოთ შიდასტაბილურობა და შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები ჩვენი ხალხის წინაშე. ფიზიკური და სოციალური დაცვა ნებისმიერი ერის ცხოვრების ორი ელემენტია. ასე რომ, ჩვენი მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტი არის სიცოცხლის დაცვა. ყველა არსებული საშუალებით – ნებადართულია გაეროს წესდებით.

ჩვენი სამშვიდობო ფორმულის მესამე პუნქტი არის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნახეთ, გლობალური უსაფრთხოების რამდენი ელემენტი დაარღვია რუსეთმა თავისი ომით - საზღვაო უსაფრთხოება, სურსათის უსაფრთხოება, რადიაციული უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და უსაფრთხოება მასობრივი განადგურების იარაღისგან.

ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ყველა დონეზე. ყველა ქვეყანაში, რომელიც აღიარებს მშვიდობისა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის ღირებულებებს. თუ არ გაქვთ სამართლებრივი მექანიზმი, შეგიძლიათ, მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება – პარლამენტებში. ეს არის გლობალური უსაფრთხოების აღდგენის საფუძველი. 

გლობალური უსაფრთხოება ვერ აღდგება შეიარაღებული აგრესიის შედეგად დაზარალებული ერის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე.

მეოთხე პუნქტი არის უსაფრთხოების გარანტიები.

ყველა ერს აქვს უსაფრთხოების გარანტიების უფლება. არ მარტო უდიდეს ერებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის განახლების შესახებ, რაც აღარ დაუშვებს ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას. მათ უკვე წარვუდგენთ პარტნიორებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მეხუთე პუნქტი არის მიზანსწრაფვა/გადაწყვეტა რის გარეშეც დანარჩენი ოთხი ელემენტი არ იმუშავებს.

„ეს არის ჩვენი ბრძოლის გადაწყვეტილება. ეს არის პარტნიორების გადაწყვეტილება, რომ დაგვეხმარონ და ასევე დაეხმარონ საკუთარ თავს, ეს არის მსოფლიოს გადაწყვეტილება, გაერთიანდეს მის გარშემო, ვინც იბრძვის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ას ერთ ქვეყანას, რომლებმაც ხმა მისცეს ჩემს ვიდეომისამართს. ეს იყო კენჭისყრა არამხოლოდ ფორმატთან დაკავშირებით, არამედ, პრინციპებზე. წინააღმდეგ მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მისცა ხმა: ბელორუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია. შვიდი ქვეყანა, ვისაც ეშინია ვიდეომიმართვის. შვიდი - რომელიც პრინციპებს წითელი ღილაკით პასუხობს, - ასე დაასრულა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა.