ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების შესვლა სრულად შეზღუდოს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„ფინეთს არ სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზებისთვის და ახლა ჩვენ გვინდა გავაკონტროლოთ ეს მოძრაობა“, - თქვა ჰავისტომ.

ჰავისტოს ინფორმაციით, ხელისუფლება ამჟამად ამზადებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა შეზღუდოს ან მთლიანად შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მოძრაობა  და ეს საკითხი მალე პარლამენტს წარედგინება.

„არ არსებობს მორალური და ეთიკური საფუძველი, რომ რუსმა ტურისტებმა განაგრძონ მოგზაურობა, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.