ლატვიის სეიმმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის ნებართვის გაგრძელება და სამუშაო ვიზების გაცემა აკრძალა

ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით საიმიგრაციო კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელის თანახმადაც რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება.

კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ნებართვა, ლატვიაში განხორციელებული ინვესტიციების ან უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე აღარ გაუგრძელდებათ, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა აიკრძალა. 

გარდა ამისა, მიღებული ცვლილებების თანახმად რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ადრე იყვნენ ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები და ახლა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ, სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა დაადასტურონ.

ერთი დღით ადრე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გასცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ქვეყნის დატოვება, გამოცხადებული მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით სურთ.

ლატვიამ 19 სექტემბრიდან, უსაფრთხოების მიზნით, შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.