ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს

ევროპა არ უნდა დაემორჩილოს რუსეთის შანტაჟს და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს უკრაინას, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა, ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

„რუსეთი ისეთივე საშიშია ევროპისთვის და მსოფლიოს მშვიდობისთვის დღეს, როგორც ნაცისტური გერმანია იყო გასულ საუკუნეში”, - განაცხადა რინკევიჩსმა.

მიისვე თქმით, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას.

როგორც ცნობილია, ქვეყანა არც შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საზღვრის კვეთის უფლებას.

დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.

შეგახსენებთ, 19 სექტემბრიდან, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს.