გაოგნებული ვართ, უკრაინაში რუსების მიერ შესრულებული სიკვდილით დასჯის ფაქტებით, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი ორგანო ავრცელებს.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება
- აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ცემის, ელექტროშოკის გამოყენებისა და იძულებითი გაშიშვლების შემთხვევები ხშირად ხდებოდა.
„გაოგნებული ვიყავით სიკვდილით დასჯის ფაქტების დიდი რაოდენობის გამო იმ ადგილებში, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ. კომისია ამჟამად იძიებს სიკვდილის მსგავს შემთხვევებს 16 ქალაქსა და დასახლებაში“, - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ერიკ მოსემ.
შეგახსენებთ, რომ ივნისში, 10-დღიანი ვიზიტების დროს, გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია ბუჩას, ქალაქ კიევის მახლობლად, სადაც უკრაინის ხელისუფლებამ მასობრივი საფლავები და ცხედრები იპოვა.
კომისიამ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ელექტროშოკის გამოყენების შესახებ, ყოფილი დაკავებულების ჩვენებები წარმოადგინა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.