ირანი სამწუხაროს უწოდებს უკრაინის გადაწყვეტილებას ქვეყნის ელჩის გაძევების შესახებ, რადგან ამან შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა მოუწოდა უკრაინას, „თავი შეიკავოს მესამე მხარის გავლენისგან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებას ცდილობს“.
უკრაინამ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს, „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია წარმოებული.
აგვისტოს ბოლოს, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.
ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.