ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევისა და საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირების შესახებ, თეირანი პროპორციულად უპასუხებს.
ქანაანმა აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება კიევში, სავარაუდოდ, დაუდასტურებელი ინფორმაციისა და მედიაში უცხოური პროპაგანდის საფუძველზე მიიღეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი მიიღებს პროპორციულ ზომებს უკრაინის მთავრობის ამ ნაბიჯის საპასუხოდ და მოუწოდა კიევს, „თავი აარიდოს მესამე მხარის გავლენას, რომლებიც მიზნად ისახავს ირანისა და უკრაინის კავშირების განადგურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს, „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია წარმოებული.
აგვისტოს ბოლოს, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.
ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.