უკრაინის უშიშროების საბჭომ მოქალაქეების მიმართ ინსტრუქციები შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, მოქალაქეების სამოქმედო ინსტრუქციებს მალე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„საუბარია ტაქტიკურ იარაღზე. ჩვენ შევიმუშავეთ ინსტრუქციები NSDC-ის აპარატში, რომელიც უახლოეს დღეებში შეძლებისდაგვარად გასაჯაროვდება", - განაცხადა დანილოვმა.

ამავე დროს, დანილოვმა აღნიშნა, რომ ბირთვული ძალები იღებენ პასუხისმგებლობას ბირთვული თავდასხმების თავიდან აცილებაზე.

მისივე თქმით, უკრაინელებს საკუთარი ტერიტორიების დაცვისგან ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებს.


ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.