გამოიყენებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ბირთვულ იარაღს, ამ თემას განიხილავს უცხოურ მედიასთან ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი.
ჰოჯესის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგას.
„რუსები უკვე წლებია, საუბრობენ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.
რა თქმა უნდა, პუტინს აქვს ათასობით ბირთვული იარაღი, რომელიც შეიძლება, გამოიყენოს, რადგან მას არ აინტერესებს რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ბირთვული იარაღი რეალურად ყველაზე ეფექტიანია, როცა არ გამოიყენება, რადგან ბევრ მთავრობას უქმნის ეჭვს, წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე, აფერხებს და ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს სურს“, - განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა და აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფაში იქნება რუსეთისთვის, რადგან „აშშ ვეღარ შეძლებს, „მოვლენებისგან შორს დარჩეს“.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.