„ბალტიისპირეთის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის NATO-ში ადრეულ გაწევრიანებას. უკრაინის შთამაგონებელი გამბედაობა მხოლოდ ჩვენი ალიანსის გაძლიერებას შეძლებს", - დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე.
მსგავსი შეტყობინებები Twitter-ზე გამოაქვეყნეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.