2022 წელს ტრანსკასპიურ მარშრუტზე (შუა დერეფანი) ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გასამმაგდა. კომპანია KTZ Express-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში ამბობს, რომ გაზრდილია შუა დერეფანში, ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების ტრანზიტიც.
„ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის პირველ შვიდ თვეში გასამმაგდა და 845 000 ტონას მიაღწია, რაც შვიდჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით, როცა გადაზიდული ტვირთების მოცულობა 311 000 ტონას შეადგენდა“, - განაცხადა აიბეკ კაპარმა
- ტრანსკასპიური მარშრუტი (საერთაშორისო დერეფანი) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან იწყება და ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებამდე გრძელდება.
„მსოფლიო ეძებს გზებს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთი. ტრანსკასპიური მარშრუტი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეფორმირების პროცესში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დერეფანი იძლევა ანტირუსული სანქციებით გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის საშუალებას“, - ამბობს Europetim-თან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილი.
- როგორია ამ ფონზე ტრანსკასპიური მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ჩინეთისა და საქართველოს ეკონომიკური კავშირები
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა, ხოლო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის პირველ იანვარს ოფიციალურად ამოქმედდა. საგულისხმოა, რომ ეს პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის რეგიონის ქვეყანასთან გააფორმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა და საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.3% შეადგინა.
ასევე, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.
სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩინეთს შორის (საქსტატის მონაცემები)
2018 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 031.9 ათსი - ზრდა 8.3%
2019 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 081.7 ათასი - ზრდა 8.1%
2020 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 186.3 ათსი - ზრდა 10.4 %
2021 წელი - ბრუნვა $1 მილიარდ 633.2 ათასი - ზრდა 11.4%
საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წელის 8 თვეში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ $1 მილიარდ 226 641,5 შეადგინა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2022 წლის იანვარ-აგვისტო, ექსპორტი - $ 502 632.3 - ზრდა 19%. მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი 14%-ია. ჩინეთი საქართველოსთვის პირველი საექსპორტო ბაზარია.
2022 წლის იანვარ-აგვისტო, იმპორტი - $ 724 009.2 - ზრდა 39,3%. მთლიან იმპორტში ჩინეთის წილია - 8,7%. ჩინეთი, იმპორტში საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია.
2022 წლის იანვარ-აგვისტო TOP 10 პროდუქტი, რასაც ჩინეთში ვყიდით
- მადნები და კონცენტრატები - $391631. 61 ათასი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები - $13904. 4 ათასი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $8878.25 ათასი
- ორთოპედიული ხელსაწყოები - $3444.97 ათასი
- კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი - $3738. 66 ათასი
- ნარჩენები ჯართი, სპილენძი - $3128.46 ათასი
- ცენტრალური გათბობის ქვაბები - $1907.65 ათასი
- მანქანები, ელექტრო-მექანიკური - $235.51 ათასი
- ხელსაწყოები და აპარატურა - $235.51 ათასი
- მოწყობილობები, ელექტროგამნათებლები - $806.00 ათასი
2022 წლის იანვარ-აგვისტო TOP 10 პროდუქტი რასაც ჩინეთში ვყიდულობთ
- გამომთვლელი მანქანები $29217. 19 ათასი
- ონკანები, სარქველები $8167 ათასი
- მსუბუქი ავტომობილები - $5732.01 ათასი
- სატვირთო ავტომობილები - $ 5122.55 ათასი
- ხორცი, საკვები $4830.67 ათასი
- ტრანსფორმატორები $4578 ათასი
- მოწყობილობა ელექტროგამნათებლები - $2540.89 ათასი
- მტვერსასრუტები $2479.92 ათასი
- სათვალეები, ანალიზური ოპტიკური - $1747,84 ათასი
- ცოცხები და ჯაგრისები - $1613.64 ათასი
ინვესტიციები
ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია 2014 წელს შემოვიდა და $218 მილიონი შეადგინა. საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთიდან „ჰუალინგ ჯგუფია“, რომელმაც 2007 წლის შემდეგ საქართველოში $500 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ჩინურმა ინვესტიციებმა 2022 წლის პირველ კვარტალში - $36,556.9 მილიონი, ხოლო მეორე კვარტალში $30,695.4 მილიონი შეადგინა. რაც ორი კვარტლის მონაცემებით, ჯამში $67.252.3 მილიონია.
რაც შეეხება ტურიზმს, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 4 510 ვიზიტორი შემოვიდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა
- რა დატვირთვა აქვს ჩინეთისთვისა და ყაზახეთისთვის ლიანიუნკანგის პორტს და სად იკვეთება ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები
- რა გავლენა ექნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რა სარგებელს მიიღებს საქართველო