შვედეთის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველი ორგანოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream1-სა და Nord Stream2-ის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს“.
მანამდე დასავლურმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთისა და დანიის სანაპიროებთან Nord Stream1-ის გაზსადენის მონაკვეთზე აფეთქების დღეს, დივერსიის ზონაში რუსული ხომალდები და წყალქვეშა ნავები შენიშნეს.
სპეცსამსახურების და დასავლური მთავრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ადასტურებს რუსეთის ჩარევას დივერსიაში, მაგრამ ეჭვს ბადებს.
დასავლური დაზვერვა პუტინის გამოთვლას ასე ხსნის: ევროპისთვის განკუთვნილი გაზის გაჟონვა კიდევ უფრო გაზრდის ენერგეტიკულ ფასებს ევროპაში და ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მოსთხოვს მთავრობებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია და დაიწყონ ბიუჯეტის ფულის დახარჯვა საშინაო საჭიროებებზე და თანხები აღარ მიმართონ უკრაინისკენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებებს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა.
რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია.
The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.