საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს ოცდაათწლიანი მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
- მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დინამიური თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში, ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ახალ ინიციატივაზე „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI), რომელიც სტრატეგიული პარტნიორების თავდაცვის უწყებებს შორის გასულ წელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია
- სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა
- ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.