ბოდიში მინდა მოვიხადო! ამ ფაქტთან, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, რა ინფორმაციაც მქონდა, თუ არ მქონდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს ვიხდი, - „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა.
"ბოდიში მინდა მოვიხადო! პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. ჩემთვის ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე სრულიად მიუღებელია. სრულიად გაუთვითცნობიერებლად გავეცი კითხვას პასუხი. ამ ფაქტთან, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ყველაფრისა რა ინფორმაცია მქონდა, თუ არ მქონდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს ვიხდი", - განაცხადა ამილახვარმა.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.