მეზობელი სახელმწიფოების მიერ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ცნობების ფონზე, ბელორუსმა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის მეთაურმა არაერთი შეხვედრა გამართა ძალოვან სტრუქტურებთან, შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. მართლაც, იყო ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო გეგმავდა პროვოკაციებს ბელორუსის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთებზე. იგეგმებოდა ამ ტერიტორიების დაკავება“, - განაცხადა მაკეიმ.
მისივე თქმით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უშიშროების ძალებს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. მათ შორის შესაძლებელია პირადობის შემოწმების მიზნით დაკავება, გადაადგილების აკრძალვის დაწესება, მოსმენა და ყველა კომუნიკაციის კონტროლი, ასევე დაზვერვის ოფიცრებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერ შენობაში.