The New York Times-ი იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინასთან ომში, 6 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. გამოცემა აშშ-ის მთავრობის გათვლებს ეყრდნობა.
პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ასეთ დასკვნებს შეიცავს აშშ-ს დაზვერვის სამსახურების გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც დღეს დაზვერვის მაღალჩინოსანმა მორგან მიურმა წარმოადგინა.
გამოცემის ცნობით, მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობას, რათა ჩამოერთვას მას თანამედროვე იარაღის წარმოების უნარი.
აშშ-ს მთავრობა განმარტავს, რომ შეზღუდვები შეეხო არა მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიას, არამედ აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო მარტივ ნაწილებს.
ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბი 14 ოქტომბრის მოხსენებაში აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს განადგურდა 2,5 ათასზე მეტი რუსული ტანკი, 5 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა, 1,5 ათასზე მეტი საარტილერიო სისტემა, 186 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 268 თვითმფრინავი და 240 შვეულმფრენი, ასევე 16 ხომალდი და ნავი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.