მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: ვაკის პარკის ტერიტორიაზე ყველა სამუშაო იყო პროექტის შესაბამისად შესრულებული

სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო,- ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაო შესრულებული იყო პროექტის შესაბამისად.

"სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. ამ წუთებშიც რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს, რომელიც აუცილებელი იქნება გამოძიების სრულყოფილად წარმართვისთვის", - განაცხადა გიგაშვილმა.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.