LMC-ის წარმომადგენელი: ვაკის პარკის შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაოს პროცესში მოხდა

ეჭვის დონეზე მაქვს, რომ პროექტში ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში მოხდა. კადრები ვნახეთ, იქ ჩანს კაბელები. პრაქტიკულად მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა, - ამის შესახებ შპს LMC-ის წარმომადგენელმა, ზაზა ნაჭყებიამ "ტვ პირველს" განუცხადა.

მისივე განცხადებით, LMC-ის გუნდს, რომელიც ვაკის პარკში, შადრევნის პროექტის ავტორია, ყველაფერი გაწერილი ჰქონდა.

„პროექტში რამე ცვლილება, რომ შეტანილიყო, უნდა მომხდარიყო მერიიდან ჩვენთან დაკავშირება, რადგან საავტორო ზედამხედველობას ვუწევდით. პირდაპირ გეტყვით, ეჭვის დონეზე მაქვს, რომ შეტანილი იყო ცვლილებები, სამუშაოს ჩატარების პროცესში. კადრები რაც ვნახეთ, იქ არის კაბელები, პრატიკულად მე მგონია, რომ შპს LMC-ის პასუხისმგებლობა მოიხსნა. ჩვენს პროექტში, სხვა რაღაცები იდო", - განაცხადა ნაჭყებიამ.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.