რას პასუხობს თბილისის მერია LMC-ს, რომლის განცხადებით, შადრევნის პროექტში, ცვლილებები სამუშაო პროცესის დროს შევიდა

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“, - თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე, მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერიის, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ასევე, პასუხი აგონ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს, ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სისთან“, რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.