მედია: უშიშროების ძალების მიერ 16 წლის გოგოს მკვლელობამ, ირანში ახალი პროტესტი გამოიწვია

ირანში, 16 წლის ასრა პანაჰის მკვლელობის გამო, საპროტესტო აქციების ახალი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული Guardian-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ასრა პანაჰი, ირანის უსაფრთხოების ძალებმა ხელისუფლების მხარდასაჭერი სიმღერის შესრულებაზე უარის თქმის გამო, სკოლაში სცემეს. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა. 

სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ქალაქ არდაბილის ერთ-ერთ ქალთა სკოლაში მივიდნენ მოთხოვნით, რომ მოსწავლეებს სამთავრობო აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პატივსაცემად სიმღერა ემღერათ.

ზოგიერთმა სკოლის მოსწავლემ ამაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პოლიციამ მათი ცემა დაიწყო. 10 მოსწავლე საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ერთი გარდაიცვალა. ირანის ოფიციალური პირები აცახდებენ, რომ 16 წლის ასრა პანაჰის სიკვდილში ხელისუფლრბის წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით.