შსს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე: გამოძიება გრძელდება, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა და შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს - შსს-მ ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, 9 პირი დააკავა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

"საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე. გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ. გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა და შესაძლოა, ბრალდებულლთა წრე გაიზარდოს", - აცხადებენ შს სამინისტროში.
 

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.