თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი, მთელი სიმკაცრით ვაგო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას, პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს.თვენ იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, -აღნიშნა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის, მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც.მე იმედი, მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ
მისი თქმით, სიმართლის დადგენა, არის ერთადერთი რამ, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. „იმედი მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.