ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა და აბსოლუტურად უადგილო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, - განაცხადა კობახიძემ.
- შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა
- კახა კალაძე: თუკი ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო
- კახა კალაძე ვაკის პარკში მომხადარ ტრაგედიაზე: კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანსწორია, კანონი ვერ იქნება, ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.