მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით, - ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი ვახტანგაშვილის პოზიცია უცვლელია და ის მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.
"გიორგი ვახტანგაშვილი გამოძიების დაწყების წუთიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომას, ალბათ უახლოეს ხანებში ჩაინიშნება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას ბატონი გიორგი მიმართ. ჩვენ, ისევ გიორგის პოზიციიდან გამომდინარე, ფაქტობრივ საფუძვლებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ და მხოლოდ არ დავეთანხმებით ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებაში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას - გირაოს სახით“,- განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.