თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა შუამდგომლობის სახით ცხრავე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
ადვოკატები ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა, დანაშაულის განმეორებასაც ჰქონოდა ადგილი.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.
მათ შორის კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიღიტაშვილიც, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.
შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს და ამავე კომპანიის ინსპექტორ დავით თუშიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას.
2 კერძო ელექტროშემდუღებელს გიორგი გობეჯიშვილსა და ვალერი გობეჯიშვილს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.