აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს

ირანის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი პერსონალის ჩასვლის გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ქალაქებზე თავდასხმაში ეხმარებიან, შეერთებული შტატები თვლის, რომ თეირანი უშუალოდ არის ჩართული კრემლის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს.

„ჩვენი შეფასებით, ირანელი სამხედრო პერსონალი იმყოფებოდა ადგილზე, ყირიმში და ეხმარებოდა რუსეთს ამ ოპერაციებში [უკრაინის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების განსახორციელებლად]“, - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, რუსებმა ირანიდან დრონების პარტიები უკვე მიიღეს და მომავალში, ცხადია, უფრო მეტს მიიღებენ.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, ირანიდან მიიღოს სხვა იარაღი, მათ შორის რაკეტები.

„ფაქტი ასეთია: ირანი ახლა უშუალოდ არის ჩართული ადგილზე, და, იარაღის მიწოდებით ფაქტობრივად, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს მტკიცედ აღასრულებს აშშ-ის ყველა სანქციას როგორც რუსეთის, ისე ირანული იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ.

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.