ანდრია ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე: რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად, გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ამასთან ბასილაიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, „რომელიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს“. 

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბასილაია ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება დასკვნები.

„დაველოდოთ გამოძიებას, უკვე როდესაც დასრულდება გამოძიება, შემდეგ უკვე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რას უნდა ემუშავა და რამ არ იმუშავა“,- განაცხადა ბასილაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გატანილი და პროექტი შეცვლილია და აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა.

„ეს არის სიცრუე! რა თქმა უნდა, სამუშაოები გაკეთდა ისე, როგორც იყო პროექტში, მეტსაც გეტყვით, თვითონ ავტორს ხელშეკრულებით ევალებოდა საავტორო ზედამხედველობა და ის ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის. პროექტის მსვლელობისას რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა უშუალოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ავტორს და შემსრულებელ კომპანიას შორის და არც ერთხელ არ დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე არ კეთდება პროექტის მიხედვით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.