Europetime-თან საუბრისას, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ დასავლეთი თუ უკრაინას დროულად მიაწვდის საჭირო იარაღს, კიევი უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“.
ჯონ ჰერბსტის თქმით, რუსეთის მხრიდან მასირებული შეტევის განახლების ფონზე, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ.
„აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება, პუტინი ქვეყნის შიგნითაც კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მან გადაწყვიტა, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებას მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უპასუხოს.
მაგრამ პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა, რადგან ამ სასტიკი დარტყმების საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ.
რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ უკრიანისთვის საჭირო იარაღის გაგზავნის თვალსაზრისით, აშშ და NATO ზედმეტად მოკრძალებულად მოქმედებდნენ რუსეთის შეჭრამდე. მათ შორის ვსაუბრობ შორი მოქმედების არტილერიასა და დრონებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები.
თუ ჩვენ მივაწვდით მსგავს იარაღს, უკრაინა უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“, - განუცხადა ჰერბსტმა Europetime-ს.
ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, თუ უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, კიევი შეძლებს, შეაჩეროს რუსული რაკეტების დიდი უმრავლესობა.
„მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გავუგზავნით საკმარის სისტემებს. ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესია, რომ პუტინის ომი უკრაინაში მისი მარცხით დასრულდეს. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ უკრაინის გამარჯვება უფრო დაჩქარდეს“, - აღნიშნავს ჰერბსტი Europetime-თან.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.