უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკის მუშაკებმა ელექტროენერგიის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა ყველა რეგიონში აღადგინეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული კომპანიები იძულებულნი გახდნენ, დაეცვათ გრაფიკები ბევრ ქალაქსა თუ რაიონში და ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველა უკრაინელს ჰქონდეს წვდომა ელექტროენერგიაზე, როცა მისი საკმარისი რაოდენობით წარმოება ახლა შეუძლებელია.
„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა აღდგენილია ჩვენს ყველა რეგიონში, რომელიც გუშინ რუსული ტერაქტის სამიზნე გახდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა ხალხისთვის ელეტქროენერგიის მიწოდების მიზნით“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში.
„ტერორისტული თავდასხმების შედეგად განადგურებული ენერგეტიკული ობიექტების აღდგენა გაცილებით დიდი და რთული ამოცანაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ ამასაც გავაკეთებთ“, - აღნიშა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.