რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს ენტონი რადაკინს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილის ტელეფონით ესაუბრა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა უარყო რუსეთის ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა კონფლიქტის ესკალაციის მიზნით მოქმედებებს გეგმავს.
„სამხედრო ლიდერები შეთანხმდნენ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რათა მართონ არასწორი გათვლების რისკი და ხელი შეუწყონ დეესკალაციას“, - აღნიშნულია ბრიტანული მხარის ტექსტში.
რუსული მხარის მტკიცებით, სატელეფონო საუბრების დროს, გერასიმოვმა უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებაზე ისაუბრა.
ამერიკული მხარის პოზიციით, სატელეფონო საუბრის მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები შენარჩუნდება.
„მარკ მილიმ ასევე გამართა მოლაპარაკებები უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ ვალერი ზალუჟნისთან. მათ ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და მიმდინარე შეჭრის შესახებ და გაცვალეს შეფასებები. თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა“, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა.
ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს „რუსეთის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად საკუთარ ტერიტორიაზე“.