აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანია კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში

აშშ-ის სანქციების საბოლოო მიზანი კრემლის შესაძლებლობების დასუსტებაა, რათა რუსეთმა აგრესიული ომების წარმოება ვეღარ შეძლოს. ამისთვის შტატები სანქციების სამიზნეებს დიდი სიფრთხილით საზღვრავს, ისე, რომ მინიმუმანდე შემცირდეს მისი გავლენა შეერთებულ შტატებზე, მის პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რითაც სააგენტოს შეკითხვას უპასუხა უკრაინის მიერ, 20 სექტემბერს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანი არის კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში. ჩვენ გულმოდგინედ და ყურადღებით ვმუშაობთ ამ მიზნების წინსვლისთვის და მინიმუმამდე ვამცირებთ მის გავლენას შეერთებულ შტატებზე, ჩვენს პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე. უკრაინის მთავრობას მიმართეთ მათი სანქციების შესახებ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


24 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ტრადიციული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს უკრაინის მიერ, 20 ოქტომბერს დაწესებული სანქციების შესახებ.

როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში არიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები. ჟურნალისტი დაინტერესდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა აშშ-ს რაიმე კონსულტაცია უკრაინელებთან. 

„ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათ მივანდობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა, დააწესეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რადგან ისინი ახორციელებენ იმ რეფორმებს, რომლისკენაც ევროკავშირმა და ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მისი უფრო ფართო ევროპული მისწრაფების მიმართულებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. 

შეგახსენებთ, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები 20 ოქტომბერს დაუწესა.