რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არასოდეს უთქვამს, რომ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას სადმე, მათ შორის უკრაინაში. პუტინის განცხადებით, რუსული სამხედრო დოქტრინა მოითხოვს მხოლოდ ბირთვული იარაღის თავდაცვითი მიზნებით გამოყენებას.
პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს თავს დაესხმებიან.
უკრაინაზე შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ კითხვას, პუტინმა უპასუხა, რომ „რუსეთს არ სჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე და ამაში არანაირი პოლიტიკური ან სამხედრო აზრი არ არსებობს“.
შეგახსნებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი პირადად არის გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.