ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს არის მთავარი პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვლმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციზე გავლენის კუთხით, მთავარი როლი ეროვნულ ბანკს ეკისრება.
„ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკის მხრივ. მონეტარულ პოლიტიკაში მთავარი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და მკაცრ პოლიტიკას. 11%-ზეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ამ მიმართულებით, იდგმება ყველა ნაბიჯი, რომ ინფლაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შემცირდეს.
რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ფისკალური დეფიციტი, რომლიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 9,3% იყო და მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს იქნება და მომდევნო წელს 2,8%- მდე შემცირდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან მისი თქმით, საქართველოში ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო.
„ მანამდე 11,5%-ი იყო. გასული თვე, იყო 10,7%. ბუნებრივია ეს არაა ის ტემპი. ჩვენ გვინდა რომ ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდეს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია მზარდი ტემპით ხასიათდება. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ პიკს, რის შემდეგაც დაიწყებდა შემცირებას“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ღია ეკონომიკა და შესააბამისად ინფლაციის გადმოცემის ეფექტები არსებობს. „მათ შორის იმპორტთან მიმართებით, ხდება საქართველოსთვის ინფლაციის გადმოცემა. გარკვეული მიმართულებებით შემცირება არის, თუმცა მთლიან სურათში დიდად არ აისახება. იგივე სურსათთან მიმართებაშიც.
სამწუხაროდ ენერგორესურსებთან მიმართებით მერყევი სიტუაციაა. შესაძლოა ერთ კვირაში ფასები შემცირდეს და მეორე კვირაში ძალიან გაიზარდოს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე. მთავარი განმსაზღვრელია ომი უკრაინაში, რაც გავლენას ახდენს ფასებზე. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გაზრდილი ინფლაციით იხდის უკრაინაში ომის ფასს“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს, 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება.
ასევე წაიკითხეთ: